რატომ გაუძლებს ყანჩელის მუსიკა საუკუნეებს? 2017-01-31 08:03:26


ყველა, ვინც კი ამას წინათ, ლონდონის როიალ ფესტივალ ჰოლში  გია ყანჩელის ლიტურგია „ქარით ნაგლოვი“ მოისმინა, უეჭველად დამეთანხმება, რომ ჩვენ მოწმე გავხდით ქართველი კომპოზიტორის ტრიუმფალური შესრულებისა. ლონდონის ფილარმონიულმა ორკესტრმა ვლადიმირ იუროვსკის დირიჟორობით ყანჩელის გენიალური ქმნილების ის სიღრმე და სამკაულები გამოაბრწყინა, რომლის ძალითაც ჩვენ სულის უსასრულო კოსმოსში ვხვდებით და შოკისმომგვრელი მშვენიერების ტყვედ გადავიქცევით!

„მეოცე საუკუნის აღმოჩენები“ იუროვსკის მიერ ჩაფიქრებული ფესტივალის „რწმენა და რწმენის მიღმა“, რიგით მეორე კონცერტი გახლდათ, აღნიშნული ფესტივალი კი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება, კაცობრიობის მთავარ თემებს: სიცოცხლეს, სიკვდილს, რელიგიას, სულიერებას ეძღვნება, თუ როგორ მჟღავნდება მუსიკაში ეს მარადიული თემები... ჩეხი ბოჰუსლავ მარტინუს (1890–1959) და ინგლისელი რეიფ ვონ უილიამზის (1872–1958) ნაწარმოებების გვერდით დირიჟორმა საჭიროდ ჩათავალა არჩევანი გაეკეთებინა ყანჩელის მუსიკაზე. სამი სრულიად განსხვავებილი კომპოზიტორის ერთ პროგრამაში წარდგენა თითქმის შეუთავსებლად ჟღერს, მაგრამ როცა ამას ხელს კიდებს ისეთი გემოვნებისა და მასშტაბის ხელოვანი, როგორიც გახლავთ იურივსკი, მიუწვდომელიც კი შესაძლებლი ხდება!

უდავოა, რომ იგი სკრუპულოზულად იცნობს ჩეხური, ინგლისური და ქართული მუსიკის ტრადიციებს, უამისოდ შეუძლებელია იმ სირთულის დაძლევა, რაც ამ ავტორებს ახასიათებთ. მათ უდაოდ შესწევთ ძალა, გადალახონ ეროვნული საზღვრები და იქცნენ ყველასათვის ახლობელ და გასაგებ კომპოზიტორებად, რომელთა გარეშე მეოცე საუკუნის მუსიკა ნამდვილად გაღარიბდებოდა, მათ შესრულებას კი რაც შეიძლება ხშირად უნდა მიმართონ მსოფლიოს საშემსულებლო პრაქტიკაში. იუროვსკიმ აღნიშნული კონცერტით ეს აზრი გაამყარა სამივე კომპოზიტორზე.

„ქარით ნაგლოვი“ წარმოადგენს 45 წუთიან ლიტურგიას სოლო ალტისა და ორკესტრისათვის, რომელიც კომპოზიტორმა, თავისი მეგობრის, გამოჩენილი მუსიკისმცოდნის, გივი ორჯონიკიძის ხსოვნას მიუძღვნა.  შეუძლებელია აქ ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ მეგობრის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილზე, რამაც შვა ეს ნაწარმოები. გივი ორჯონიკიძე იყო მართლაც დიდად გავლენიანი ავტორიტეტი საშემსრულებლო ხელოვნებაში და თუ გია ყანჩელმა თავისი ნიჭი სრულყოფილად გამოავლინა, ამაში განსკუთრებული წილი უდევს გივი ორჯონიკიძეს, რომელიც ამხნევებდა და რწმენას მატებდა კომპოზიტორს. მაშინ, კომუნისტური ზეობის აპოთეოზში, მისი ნაწარმოებების შესრულება არ იყო იოლი ამბავი და გივი ორჯონიკიძის წონიანი სიტყვის გარეშე მას იმხანად, არც შეამჩნევდნენ და შეიძლება დაგვეკარგა კიდეც ეს უჩვეულო ხილვისა და ხელწერის შემოქმედი, ვისითაც დღეს ასერიგად ვამაყობთ!

როცა ხელოვანი კარგავს ასეთ მეგობარსა და მხარდამჭერს, მოძღვარსა და გეზის მიმცემს, იოლი წარმოსადგენია, დანაკლისის სიმძიმე  და სულში გაჩენილი სიცარიელე! „ქარით ნაგლოვი“ სწორედ ამ შემაძრწუნებელმა მდგომარეობამ აღმოაცენა და ეს ენით აუწერელი ტკივილის ბგერწერაც ამის გამოძახილია, ეს არის განშორების, ჭმუნვის, მდუმარების მუსიკა!  გია ყანჩელს აქვს უფრო ადრინდელი ოპერა სახელწოდებით „სევდა ნათელი“, რომლის ქარგაში ასევე სჭარბობს სიჩუმისა და გარინდების, სილამაზით ტკბობისა და მშვენიერებით აღტაცების მუსიკა, რომელიც უხეში ძალის დაპირისპირებით ირღვევა, თითქოს ცა ჩამოიქცაო და ორლესული მახვილებით კუწავენ სინათლეს!  

მსგავსი კონტრასტებით სუნთქავს „ქარით ნაგლოვის“ მუსიკალური ტექსტურაც. სევდის ფერები ემყარება წარსულის ნაირგვარ მოგონებებს, რომლის დროსაც გონებაში ცოცხლდება ის, რაც გაიცრიცა და აღარასოდეს დაბრუნდება. განუმეორებლის, მოუხელთებლის სევდას ამძაფრებს ყანჩელის მუსიკა და ამ ყოველივეს ძირები უმდიდრეს ქართულ ფოლკლორში აქვს გადგმული, იქიდან მომდინარეობს და ასე სახეცვლილს სრულიად სხვა სივრცეებსა და ფიქრის მღვიმეებში გადავყავართ... როცა ამ მუსიკას უსმენ, თითქოს ის პირად ტკივილად გადაიქცევა და უფრო გასაგები და ახლობელი ხდება შენთვის.

აქვე ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანის წუხილს, მისი სულის სავალალო ბორგვას ბოლო არ უჩანს, პირიქით, დროთა განმავლობაში იგი მატულობს და უფრო დაუამებელი ხდება. გია ყანჩელის ამ ქმნილებაში კი ისეთი სევდა და გაუნელებელი ვარამია დაგუბებული, რომ იგი ასი წლის შემდეგაც  შეინარჩუნებს სიმძაფრესა და მიმზიდველობას!  ადამიანის გატანჯულ, ტკივილით მოქანცულ სულს იგი მუდამ დასჭირდება, რათა კვლავ აღიდგინოს სულიერი წონასწორობა. ამდენად ეს არის ზედროული მუსიკა, რომელიც საუკუნეების შემდეგაც მოქმედი და სულიშემძვრელი იქნება!

სწორედ ამიტომ არის გია ყანჩელი ჩვენი ცოცხალი განძი და მისი კონცერტების გამართვა საქართველოს სახელით, როგორც ლონდონის გამოცდილებამაც აჩვენა,  ჩვენი ქვეყნისთვის არის ფრიად სასარგებლო, ეს ჩევნ უფრო გვჭირდება, თორემ ყანჩელის სახელს მუსიკალურ სამყაროში ისედაც დიდ პატივს მიაგებენ.

დასაფასებელია საქართველოს საელჩოს აქტიურობა, კონცერტის შემდეგ როიალ ფესტივალ ჰოლის საცერემონიო დარბაზში, ყანჩელის საპატივსაცემოდ გამართული მიღების გამო, სადაც შეკრებილ სტუმრებს ქართული ღვინითა და სამზარეულოს ნიმუშებით გაუმასპინძლდნენ.  საზოგადოებას სამადლობელი სიტვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში თამარ ბერუჩაშვილმა, მან აღნიშნა გია ყანჩელის განუზომელი დამსახურება ქართული კულტურის წინაშე. „მე როგორც ქართველი უზომოდ ვამაყობ ამ კონცერტზე დასწრებით, თვით პროგრამის სახელწოდება „მეოცე საუკუნის აღმოჩენები“ უკვე თავად ლაპარაკობს ყანჩელის მუსიკის მნიშვნელობაზე. მე დღეს განსაკუთრებით ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველ საზოგადოებას შეუძლია ლონდონში დაესწროს გია ყანჩელისა და  ქართული კულტურის ზეიმს მსოფლიოს ჩინებულ ორკესტრთან და მის სახელოვან დირიჟორთან ერთად”.

მან მადლობა გადაუხადა კომპოზიტორს, ორკესტრსა და დირიჟორ ვლადიმირ იუროვსკის, ასევე საგანგებოდ გამოხატა მადლიერება სპონსორების მიმართ, „ვისი ფინანსური მხარდაჭერის გარეშეც ვერ შედგებოდა ეს დღესასწაული. თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა ელჩმა: „ჩვენ წლეულს აღვნიშნავთ 25 წელს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობიდან. მოხარული ვარ იმით, რომ ასეთი გამორჩეული დასაწყისი შედგა გია ყანჩელის კონცერტის სახით,  ამ საგანგებო თარიღთან დაკავშირებული მოვლენები კი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“.

მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალზე საჭირო და იმედის მომცემი განცხადება, რომელსაც ინტერესით ელის როგორც ქართული დიასპორა, ასევე ლონდონის საზოგაროებრიობა, რომელმაც უწყის ქართული კულტურის სიმდიდრის შესახებ, მაგრამ ძალზე ცოტა ცოდნას ფლობს. საქართველოს საელჩომ წინამდებარე კონცერტის ფარგლებში ძალზე ნაყოფიერი ურთიერთობა დაამყარა ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან, რომლის საგანგებო პროგრამაში არაერთხელ გაიჟღერა საქართველოს სახელმა. თუ ასეთ სერიოზიულ კულტურულ ინსტიტუციებთან უფრო ხშირი იქნება საქართველოს მხარის თანამშრომლობა, ეს ბევრ სიკეთეს შესძენს ჩვენს ქვეყანას, მის ხელახლა აღმოჩენაში დაეხმარება მსოფლიოს. ისე როგორც იუროვსკიმ მეოცე საუკუნის  ქართველი კომპოზიტორის სახით გააკეთა აღმოჩენა, სხვა დამალული სასწაულებიც უხვად არსებობს მრავალსაუკუნოვან ქართულ ცივილიზაციაში და დროა, ისინი ახლოს გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

ეს არ იქნება იოლი საქმე, საქართველოს მთავრობას ამის ფინანსური შეძლება კიდევ დიდხანს შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ წინამდებარე კონცერტის სახით საჩინო მაგალითი გვაქვს, როგორ მოხდა იგორ ცუკანოვის საოჯახო ფონდის, ასევე ქართველი და სხვა ეროვნების ქველმოქმედი ადამიანების შემოწირულობებით აღნიშნული კონცერტის გამართვა. ბარემ, აქვე მოვიხსენიებ ქველმოქმედთა სახელებსაც. ესენი არიან: ალექსანდრე და ელენა ჯაფარიძეები, ელენა ლილეევა და ანდრია პაბსტი, ოლეგ და ნატალის პუხოვები, სერგეი სარქისოვი და რუსიკო მაყაშვილი, არსებობს კიდევ რამდენმე დონორი, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა არჩიეს. ასეთი ადამიანებს ბევრი სიკეთე და სულგრძელობა გამოუჩენიათ და ისტორიას მრავალი ასეთი მაგალითი ახსოვს.

ბოლოს კი, მინდა, ერთ კონკრეტული საკითხს, კერძოდ, ფიროსმანის გამოფენის გამართვას მივუბრუნდე, 2018 წელს სრულდება 100 წელიწადი ფიროსმანის გარდაცვალებიდან, და თუ იგი საუკუნის წინათ აღმოაჩინეს მოსკოვში და ნახევარი საუკუნის წინათ პარიზში, სადაც მის ტილოებს ლუვრის დარბაზებმა უმასპინძლა. ამის მერე მსოფლიოს რამდენიმე სახელგანთქმულ მუზეუმშიც გამოიფინა ფიროსმანი, მაგრამ ალბათ, კარგა ხანია დადგა ჟამი ფიროსმანის ლონდონის „თეით მოდერნში“ და ნიუ–იორკის „მეტროპოლიტენ მუზეუმში“ ექსპონირებისა, სადაც ეს მასშტაბური გამოფენები ოთხ–ხუთ თვეს გაგრძელდება და მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა. ეს საქართველოსთვის მეტად ღირებულ მოვლენას წარმოადგენს.

თუმცა, ისიც აშკარაა, რომ სახელმწიფო ამ გრანდიოზულ პროექტს თავიდან ბოლომდე ვერ დააფინასებს, მას მხოლოდ ნაწილობრივ თუ მიეშველება. უცხოეთში არსებულ ჩვენს დიპლომატიურ სამსახურებს კი დახმარების გაწევა და ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება ნამდვილად შეუძლიათ. გამოცდილ დიპლომატს თამარ ბერუჩაშვილს უეჭველად ექნება იმის მზაობა და ამბიციაც, რომ 25 წლის შემდეგ მაინც შედგეს ლონდონში საქართველოდან ერთი მართლაც მასშტაბული, ჭეშმარიტად საერთაშორისო პროექტი. ამისთვის კი ახლავე უნდა დაიწყოს საინიციატივო ჯგუფის შექმნა და ფიროსმანის საგამოფენო ფონდის დაარსება. პარალელურად კი უნდა გაიმართოს მოლაპარაკება „თეით მოდერნთან“. მჯერა, როგორც ეს გია ყანჩელის შემთხვევაში მოხდა, ბევრ ქართველ ფილანთროპს გაუჩნდება სურვილი ღიად თუ ანონიმურად მხარდაჭერა აღმოუჩინოს ამ ჭეშმარიტად საუკუნის პროექტს „ფიროსმანი ლონდონში“. ამას რასაკვირველია, უზარმაზარი მუშაობა დასჭირდება, თუმცა, შედეგი იმდენად შთამბეჭდავად მოჩანს, რომ ღირს ამგვარ გარჯად!



გიორგი ლალიაშვილი